English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 1 ∘ მარინა მაისურაძე
არამატერიალური აქტივების რეალური ღირებულების შეფასების ზოგიერთი საკითხი

საწარმოს ფინანსური მდგომარეობა და მისი საქმიანობის შედეგები მნიშვნელოვნად დამოკიდებულია იმაზე, თუ  ფინანსური ანგარიშგების ელემენტების შეფასების რა მეთოდი გამოიყენება საწარმოში. დიდი ხნის განმავლობაში, აქტივებს შეძენის ღირებულებით აფასებდნენ. მოცემული მეთოდი სტაბილური ფასების პირობებში საწარმოს ფინანსური მდგომარეობის  შესახებ  უტყუარი  ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას იძლეოდა. თუმცა, ინფლაციის  ზრდამ, ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებმა და სხვა განუსაზღვრელობებმა  შეფასების განსხვავებული მეთოდების აუცილებლობა განაპირობა.

უკანასკნელ პერიოდში სულ უფრო მეტი პოპულარობით რეალური ღირებულების  მეთოდი სარგებლობს. მოცემულ მეთოდს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი (ფასს) 13 არეგულირებს.  რომელშიც    ჩამოყალიბებულია  რეალური ღირებულების შეფასების საფუძვლები. შესაბამისად, სტატიაში განხილულია არამატერიალური აქტივების რეალური ღირებულებით შეფასების ზოგიერთი საკვანძო საკითხი.

საკვანძო სიტყვები: არამატერიალური აქტივი,რეალური ღირებულება,შემოსავლების მეთოდი, დანახარჯთა მეთოდი,საბაზრო მიდგომა.

არამატერიალური აქტივების შეფასება ძირითადად არ განსხვავდება სხვა მატერიალური აქტივების შეფასებისაგან. მათი შეფასება დამოკიდებულია შეძენის მეთოდზე.

არამატერიალური აქტივების თვითღირებულების საიმედოდ შეფასება,აღიარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია.

ამ თვალსაზრისით, არამატერიალური აქტივების  შეფასების საკითხი ორ ნაწილად უნდა დაიყოს:

1. არამატერიალური აქტივების ღირებულების შეფასება საწარმოში შესყიდვისას ან შექმნისას;

2. ბიზნესის შესყიდვისას  შეძენილი არამატერიალური აქტივების რეალური ღირებულების შეფასება.

ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტის (ბასს) 38 ის,,ამატერიალური აქტივები“თანახმად, არამატერიალური აქტივების აღიარება უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც:

ა) მაღალია იმის ალბათობა, რომ საწარმო მიიღებს აქტივიდან მოსალოდნელ მომავალ ეკონომიკურ სარგებელს;

ბ) შესაძლებელია აქტივის თვითღირებულების საიმედოდ შეფასება [1].

საწარმომ უნდა შეაფასოს მომავალი ეკონომიკური სარგებლის შემოსვლის ალბათობა გონივრულად დასაბუთებაული დაშვებებით, რაშიც გათვალისწინებულია იმ ეკონომიკური ვითარების ხელმძღვანელობის მიერ გაკეთებული საუკეთესო შეფასება, რომელიც იარსებებს აქტივის სასარგებლო მოხმარების ვადის განმავლობაში [1].

საწარმოში აქტივის საწყისი აღიარების დროს მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს მტკიცებულებების მოპოვება, თუ რამდენადაა მოსალოდნელი აქტივის გამოყენებაზე მიკუთვნებადი მომავალი ეკონომიკური სარგებლის შემოსვლა.

არამატერიალური აქტივების თავდაპირველი შეფასება  აღიარებისას ხდება მისი შესყიდვის  ან საწარმოში საკუთარი ძალებით შექმნის დანახარჯებით. ასეთ შემთხვევაში შეძენის დანახარჯების ყველა კაპიტალიზებადი კომპონენტი ცნობილია და თვითღირებულების განსაზღვრა პრობლემას არ წარმოადგენს. როდესაც საწარმო ყიდულობს ძირითად საშუალებებს, მაგალითად, მანქანა-დანადგარებს, რთული არ არის კაპიტალიზებადი დანახარჯების განსაზღვრა, რადგან მანქანა-დანადგარი არის მატერიალური აქტივი, რომელსაც შეუძლია შემოსავლების  გენერირება წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში. არამატერიალურ აქტივებს არ აქვს ფიზიკური ფორმა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას შეუძლია დროულად მიიღოს ეკონომიკური სარგებელი (ხუთი და ათი წელი). არამატერიალური აქტივების შეძენის ან საკუთარი ძალებით შექმნის დროს ძირითადი პრობლემას წარგოადგენს ის, თუ რომელი  ხარჯების  კაპიტალიზებაა შესაძლებელი  და რომელი  უნდა აღიარდეს პერიოდის ხარჯად.

ბასს 38-ის ,,არამატერიალური აქტივები“ თანახმად, არამატერიალური აქტივის თვითღირებულება მოიცავს:

  • მისი შესყიდვის ფასს, იმპორტის მოსაკრებლისა და შესყიდვის არადაბრუნებადი გადასახადების ჩათვლით, შეღავათებისა და ფასდათმობების გამოკლების შემდეგ;
  • აქტივის გამოსაყენებლად მომზადებაზე გაწეულ პირდაპირ დანახარჯებს.

   პირდაპირ მიკუთვნებადი დანახარჯების მაგალითებია:

  • დაქირავებულ პირთა გასამრჯელოების დანახარჯები, როგორც განმარტებულია ბასს 19-ში -`დაქირავებულ პირთა გასამრჯელოები, რაც გაწეულია აქტივის სამუშაო მდგომარეობაში მოსაყვანად;
  • პროფესიული დანახარჯები, რაც გაწეულია აქტივის სამუშაო მდგომარეობაში მოსაყვანად;
  • აქტივის შესაბამისი მუშაობის შემოწმების დანახარჯები.

კომერციული კომბინაციით შეძენილი არამატერიალური აქტივების აღიარება ხდება კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში რეალური ღირებულებით. ასეთ შემთხვევაში პრობლებას წარმოადგენს, თუ როგორ შეფასდეს რეალური ღირებულება.

,,რეალური ღირებულების შესაფასებლად გამოყენებულმა მეთოდებმა უნდა უზრუნველყოს სათანადო ემპირიული ამოსავალი მონაცემების მაქსიმალურად გამოყენება “[4].

ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტით - (ფასს) 3 ,,საწარმოთა გაერთიანება“ - თანახმად, თუ არამატერიალური აქტივი საქმიანი კომბინაციითაა შეძენილი, ამ არამატერიალური აქტივის რეალური ღირებულება  შეძენის თარიღის ღირებულების ტოლია იმ შემთხვევაში , თუ არამატერიალური აქტივების რეალური ღირებულება ცნობილია.

ფასს  13-ის  ,,რეალური ღირებულება“ - მიხედვით, არამატერიალური აქტივების რეალური ღირებულება არის აქტიურ ბაზარზე იდენტური აქტივის მიმდინარე კოტირებული ფასი, შესყიდვის ფასი. თუ არსებული ფასები არ არის ხელმისაწვდომი, რეალური  ღირებულების შეფასების საფუძველი შეიძლება იყოს უახლესი ასეთი გარიგების ფასი. რა თქმა უნდა, თუ არ არსებობს ეკონომიკური მდგომარეობის მნიშვნელოვანი ცვლილებები ამ გარიგების თარიღსა და რეალური ღირებულების შეფასების თარიღს შორის.

თეორიულად, ყველაფერი მარტივად ჩანს, მაგრამ რეალურ პრაქტიკაში, უნდა ითქვას, რომ არამატერიალური აქტივების აქტიური ბაზარი არ არსებობს. აქტიური ბაზარი  არ შეიძლება არსებობდეს ბრენდების, ბეჭდური გამოცემების, მუსიკისა და კინოს უფლებების, პატენტების ან სასაქონლო ნიშნისთვის, რადგან ყოველი ასეთი აქტივი უნიკალურია. მხოლოდ რამდენიმე არამატერიალური აქტივისთვის შეიძლება გამოყენებული იქნეს საბაზრო ფასები, რითაც შესაძლებელია რეალური  ღირებულების შეფასება. მაგალითად, ზოგიერთ იურისდიქციაში აქტიური ბაზარი არსებობს გარკვეული საქმიანობისთვის- თავისუფლად გადაცემული ლიცენზიებისთვის, მაგალითად, ტაქსის მომსახურების ლიცენზია ან წარმოების კვოტები.

ზოგადად, არამატერიალური აქტივების ყიდვა-გაყიდვის  ტრანზაქციები პრაქტიკაში ხშირი არ არის. გარდა ამისა,  ინფორმაცია ფასიანია და ხშირად არ არის ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის, რადგან ბევრი გარიგება ეფუძნება მყიდველებსა და გამყიდველებს შორის კერძო შეთანხმებებს (არა ღია ბაზარზე). იდენტური ან მსგავსი არამატერიალური აქტივების გარიგებების მაგალითები და ფასები, მართლაც რთულია. მაგრამ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ასეთი მაგალითები შეიძლება მოიძებნოს, ერთი კონკრეტული აქტივისთვის გადახდილი ფასი არ შეიძლება იყოს სხვა აქტივისათვის რეალური  ღირებულება, ვინაიდან ყველაზე მეტად არამატერიალური აქტივები განსხვავდება ერთმანეთისგან მათი მახასიათებლებით. ამდენად,  კონკრეტული აქტივის ღირებულების დასადგენად დაკვირვების ფასების კორექტირება შეიძლება ძალიან სუბიექტური იყოს.

,,ზოგიერთი აქტივისა და ვალდებულების რეალური ღირებულების დასადგენად საკმარისია დაკვირვება საბაზრო გარიგებებზე ან საბაზრო ინფორმაციაზე, ანუ მათი ღირებულება არის დაკვირვებადი“[3].

აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, უმეტეს შემთხვევაში, არამატერიალური აქტივების რეალური ღირებულება უნდა შეფასდეს არაპირდაპირი შეფასების მეთოდების გამოყენებით. ეს არის დანახარჯთა მეთოდი და შემოსავლების მეთოდი.

  ბასს 38,,არამატერიალური აქტივები“,  ბასს 16-ის მსგავსად, იძლევა შეფასების ორი მოდელის - თვითღირებულების და გადაფასების მოდელის გამოყენების შესაძლებლობას. მაგრამ, ძირითადი საშუალებებისაგან  განსხვავებით, არამატერიალური აქტივები შეიძლება აღირიცხოს  რეალური  ღირებულებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს აქტიური ბაზარი. ასეთ ბაზარზე არამატერიალური აქტივის ღირებულება იქნება მისი რეალური ღირებულების აღრიცხვის ამსახველი.

არამატერიალური აქტივების რეალური  ღირებულების შესაფასებლად  სამი მეთოდი გამოიყენება:

  • საბაზრო მეთოდი - აქტივების შედარება მსგავს აქტივებთან, რაც შეიძინა და გაიყიდა ბოლო  საბაზრო ოპერაციების დროს;
  • შემოსავლების მეთოდი - აქტივიდან მოსალოდნელი მომავალი ფულადი ნაკადების დისკონტირებული ღირებულება;
  • დანახარჯთა მეთოდი- შეფასებითი ხარჯები, რომლითაც მოხდება აქტივის შეცვლა, ჩანაცვლების ღირებულება.

სინამდვილეში, პირველი მეთოდი შედარებითი შეფასების მეთოდია. არამატერიალური აქტივების რეალური ღირებულების შეფასება არის ურთულესი სამუშაო.  პრაქტიკაში, არამატერიალური აქტივების რეალური ღირებულების შეფასება ეკისრება დამოუკიდებელ შემფასებელს, რომელსაც აქვს ასეთი შეფასების გამოცდილება, ან მენეჯმენტი ამას თავად გააკეთებს.

დასასრულ, დასკვნის სახით შეიძლება აღვნიშნოთ, რომ არამატერიალური აქტივების რეალური ღირებულების შეფასების მეთოდებს აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები.

დადებით მხარედ შეიძლება მიჩნეულ იქნეს აქტივის გამოყენებიდან მომავალი ფულადი ნაკადების ობიექტური შეფასება და საწარმოს საქმიანობის ეფექტიანობის შეფასება. თუმცა, რეალური ღირებულების შეფასება პირობითად შეიძლება იქნეს მიჩნეული, რადგან აქტიური ბაზრის არ არსებობის შემთხვევაში, მაღალია განუსაზღვრელობის დონე.

ლიტერატურა:

  • ბასს 38 ,,არამატერიალური აქტივები“ 2018, https://saras.gov.ge/ka/Ifrs/Pdf/125.
  • ფასს 13 ,, რეალური ღირებულება“ 2018, https://saras.gov.ge/ka/Ifrs/Pdf/100
  • BIBLIOGRAPHY l 1079 ნადეჟდა კვატაშიძე,ზეინაბ გოგრიჭიანი, ანჟელი ხორავა (2017). რეალური ღირებულების კონცეფცია, გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში (გვ. 256-260), თბილისი, თსუ.
  • Marina Maisuradze, Mariam Vardiashvili. (2016/6/9). MAIN ASPECTS OF MEASUREMENT OF THE FAIR VALUE OF NONFINANCIAL ASSETS. 9-10 June, 2016 - 15th International Scientific Conference on Economic and Social Development announces invited session - Human Resources Development. (pp. 385-391). Varazdin Development and Entrepreneurship Agency (VADEA): Varazdin Development and Entrepreneurship Agency (VADEA). file:///C:/Users/user/Downloads/esd_Book_of_Proceedings_Varazdin_2016_Online%20(3).pdf
  • მაისურაძე მ. (2017). აქტივების შეფასების ზოგიერთი საკითხი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში, (გვ. 302-306), თბილისი. "https://www.tsu.ge/data/file_db/economist_faculty/global.pdf" "_blank" https://www.tsu.ge/data/file_db/economist_faculty/global.pdf